ახალი ამბები

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 55 ნიმუშიდან კორონავირუსი არ დადასტურდა

კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 55 ანალიზის ნიმუში გაიგზავნა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კარანტინის ზონიდან და ცხელების ცენტრებიდან COVID19-ზე ანალიზი 34 პაციენტს აუღეს. კორონავირუსზე ასევე გამოიკვლიეს 20 მედპერსონალი.

ხიზანიშვილის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 მოქალაქე, სპეციალისტების მეთვალყურეობა 2 ადამიანს მოეხსნა. კარანტინში, 11 ლოკაციაზე, კი 611 მოქალაქე იმყოფება.

“საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. დაიწყო მედპერსონალის ტესტირებაც. ორი დღის მონაცემებით, 27 მედპერსონალმა ჩაუტარდა ანალიზი კორონავირუსზე, თუმცა არც ერთს არ უფიქსირდება COVID19. მედპერსონალის ტესტირება გაგრძელდება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.