თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე ალაზანში იპოვეს
ორდღიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალაზანში დაკარგული 80 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მამაკაცი, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავდა, 27 აპრილს გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შეტყობინების მიღებისთანავე, დაკარგული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად, შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გაუჩინარებული მოქალაქის ტანსაცმელი მდინარე ალაზნის ნაპირზე, საძიებო ღონისძიებების დაწყებისთანავე იქნა აღმოჩენილი, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამუშაოები დაიწყო როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე.
,, ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად, პროცესში ჩართული იყო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პერიმეტრს დრონით ათვალიერებდნენ. ასევე, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის მონიტორინგი. მდინარეში მუშაობდა მყვინთავთა ჯგუფი.
ადგილზე მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.