ახალი ამბები

მუდმივმოქმედი ტალახის ვულკანები დედოფლისწყაროში

ქილაკუპრას და ტახტითეფას ტალახის ვულკანები კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

აღნიშნული ადგილებით ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ტურისტი ინტერესდება.

ქილაკუპრას ტალახის ვულკანები მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 410 მეტრზე, ყაჯირის ველზე.

ქილაკუპრას ტალახის ვულკანი არაორგანული ბუნების ძეგლია. იგი მუდმივმოქმედია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი. სასულეებიდან ამოსული ტალახი ერთდება და ქვევით, ხევში ჩაედინება. ბუნების ძეგლი და მისი მიდამოები ქვიშაქვებითა და თიხებითაა აგებული.

მეორე მოქმედი ვულკანი ტახტითეფამ დებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, რომელიც შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.

ის ზღვის დონიდან 620 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. გაშლილ მინდორზე წარმოქმნილია პატარა კრატერები, რომლებიდანაც ნავთობშერეული და აირიანი ტალახი მოედინება. ყველაზე დიდი ტალახის კრატერის დიამეტრი 3,5-4 მეტრია. იგი მუდმივმოქმედია.