ახალი ამბები

პოლიციელი სოფელ კისისხევში მარტოხელა ადამიანებს პურით ამარაგებს

თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ კისისხევში პოლიციელი ათობით მარტოხელა მოქალაქეს პურით ყოველდღიურად უსასყიდლოდ ურიგებს.

ქველმოქმედების ინიციატორი იოსებ გომურაშვილი თბილისში, პატრულ-ინსპექტორად წლებია მუშაობს, თუმცა წარმოშობით სოფელ კისისხევიდან არის.

სამართალდამცველი ქველმოქმედების შესახებ საუბარს თავს არიდებს, თუმცა გომურაშვილის მხრიდან გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხსიმგებლობის ისტორია მთელმა სოფელმა იცის.

კისისხევში ყვებიან, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დაწესდა აკრძალვები და მთელი რიგი რელულაციები ამოქმედდა, იმ დროიდან მოყოლებული გომურაშვილი ოჯახის საკუთრებაში არსებული პურის საცხობიდან 33 მარტოხელა ადამიანს პურით ყოველდღე ამარაგებს.

სოფელ კისისხევში, პური მარტოხელებთან ადგილობრივ ახალგაზრდას მიაქვს. ვალერი ბოჭორიშვილი პროცესში მოხალისედ ჩაერთო. ვალერი ამბობს, რომ ძალიან ემოციურია, როდესაც პურის დარიგების დროს ყოველდღე ნახულობ იმედიან და მადლიერ ადამიანებს. მისი ინფორმაციით, საქველმოქმედო აქცია სოფელ კისისხევში 22-მაისამდე ანუ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გაგრძელდება.