27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება
27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები მოეხსნება ყველა კომპანიას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროტოკოლს აკმაყოფილებს.
„27 აპრილიდან ჩვენ ვიწყებთ ღონისძიების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპს, რაც ნიშნავს იმას, რომ 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. გარდა ამისა სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, სრულად იქნება დაშვებული ონლაინ ვაჭრობა – საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, იმ დაწესებულებებს და იმ ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს. ამ შემთხვევაში ყველა ეს მიმართულება ფუნქციონირებს. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მკაფიოდ შექმნილი პროტოკოლები, რომლებიც ნიშნავს, რომ მაგალითად ტაქსის მძღოლი უნდა იყოს პირბადით, მაგალითად ღია აგრარულ ბაზრებს აქვთ სპეციალური ეპიდემიის კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში ეს მიმართულებები ორშაბათიდან იქნება გახსნილი და ნებადართული“, – განაცხადა იორგი გახრიამ.