მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 1200 ლარით დაეხმარება
საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 1200 ლარით დაეხმარება 6 თვის განმავლობაში, ანუ თვეში 200 ლარით.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სამსახური COVID-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო დაკარგეს და ოფიციალურად იყვნენ რეგისტრირებულნი დასაქმებულად. ეს დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება.
„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. დახმარებით სარგებლობას, დღეს იმ ფონდებით, რომელიც გაგვაჩნია, შეძლებს მინიმუმ 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მლნ ლარის ხარჯს. ამ ღონსძიების მიზანი არის ის, რომ შეგვეძლოს, ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.