ფერმერების ხელშეწყობისთვის სოფელ კაბალში საბითუმო ბაზარი გაიხსნება
კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზება მოახერხოს, მომავალ კვირას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბითუმო ბაზარი გაიხსნება.
აღნიშნულ საკითხზე ლაგოდეხში ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდნენ.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, შეხვედრაზე დაიგეგმა სოფელ კაბალში გამოყოფილ ტერიტორიაზე ფერმერებისა და დისტრიბუტორებისთვის ე.წ. “საბითუმო ბაზრის” მოწყობა, რაც მოსავლის ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცსს გაამარტივებს.
მისივე თქმით, ხილის სეზონზე ბაზრის მოწყობა იგეგმება ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
,,მომავალ კვირაში გაიხსნება სოფელ კაბალთან ახლოს დიდი საბითუმო ბაზრობა, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო მეტი პროდუქციის გადინებას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე კახეთში, ასევე თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში.
დაიწყება ამ ბაზრის იმ კონდიციაში მოყვანა, რომ მომავალი კვირის შუა რიცხვებისთვის უკვე შესაძლებელი იყოს იქ საბითუმო ბაზრის მოწყობა“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.