რა რეგულაციებია ექიმთან ვიზიტის შემთხვევაში
საქართველოს მთავრობა აქვეყნებს იმ საქმიანობის, თუ საჭიროებების ნუსხას, რომელთა შემთხვევაშიც მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების უფლება მიეცათ.
ექიმთან ვიზიტი/კლინიკიდან გამოწერის შემთხვევაში (მშობიარობა, დიალიზი, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, გადაუდებელი სტომატოლოგია):
აციენტებს/თანმხლებ პირს გადაადგილების უფლება აქვს კლინიკის/ექიმის მიერ გამოწერილი ცნობის საფუძველზე (აღნიშნული ცნობა შეიძლება იყოს მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, მათ შორის ტელეფონზე გადაგზავნილი ფორმით), დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
ექიმთან ვიზიტის საჭიროების დროს, ექიმი ადგენს შესაბამის ცნობას მასზედ, რომ პაციენტი ნამდვილად ჩაწერილია მასთან ვიზიტზე/საჭიროებს ექიმთან ვიზიტს. ცნობაში უნდა იყოს მითითებული ვიზიტის დრო და ასევე, სატრანსპორტო საშუალება, რითაც მოხდება გადაადგილება. აღნიშნული ცნობით ავტომობილს ეძლევა ამ კონკრეტული მიზნობრიობით, კონკრეტული დროის მონაკვეთში გადაადგილების უფლება.
აღნიშნული ცნობა შესაძლებელია გაიცეს ელექტრონულად, მათ შორის მობილურ ტელეფონზე ფოტოსურათის გადაგზავნით.
იგივე პროცედურით ხდება ექიმის მიერ შესაბამისი ცნობის გაცემა, პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან გამოწერისას საჭირო გადაადგილებისთვის. ამ შემთხვევაშიც ექიმი გასცემს ცნობას, რომელშიც უთითებს სატრანსპორტო საშუალებას, მძღოლს და პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის დროს.
სოფლის ექიმთან კონსულტაცია:
სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციის გავლა შეუძლია სოფლის ექიმთან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გასცემს ცნობას აფთიაქში გადაადგილების მიზნით. ცნობაში უნდა იყოს მითითებული ვიზიტის დრო, ასევე, მძღოლის მონაცემები და სატრანსპორტო საშუალება, რითაც მოხდება გადაადგილება. აღნიშნული ცნობით ავტომობილს ეძლევა ამ კონკრეტული მიზნობრიობით, კონკრეტული დროის მონაკვეთში გადაადგილების უფლება.
სამედიცინო დაწესებულებებში დაწესებული საკარანტინო რეჟიმის მოქმედება:
საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედებს საკარანტინო რეჟიმი, რაც იმას გულისხმობს, რომ დაწესებულებებში არ დაიშვებიან პაციენტების ოჯახის წევრები ან მნახველები.
კლინიკაში მყოფი პაციენტის ოჯახის წევრის მიერ საკვების, ან პირადი ნივთებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება გასცემს საკუთარ ბლანკზე, ბეჭდით და ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით დამოწმებულ ცნობას, სადაც მითითებულია გადაადგილების მიზნობრიობა (გადააქვს საკვები/პირადი ნივთები კონკრეტული პაციენტისთვის, გადაადგილების ტრაექტორია, საცხოვრებელი მისამართი და კლინიკის მისამართი, გადაადგილების დრო და საათი, გადასაადგილებელი ტრანსპორტის მარკა/მოდელი და სახ. ნომერი, ასევე საჭიროების შემთხვევაში მძღოლის პ/ნ სახელი გვარი). აღნიშნული ცნობა საკვების/ნივთების გადამტან პირს ეგზავნება ელექტრონული ფოსტით, ან აქვს მატერიალური სახით, ან პოლიციას წარუდგენს ტელეფონით (ფოტოს სახით).
ნივთების კლინიკაში მიტანის შემდეგ, კლინიკა წერილობით, ბეჭდით ადასტურებს, რომ მიიღო ნივთები/საკვები. თუ პირს არ აქვს ამობეჭდილი ცნობა, კლინიკა უბეჭდავს და უდასტურებს ცნობაზე მინაწერით და ბეჭდის დარტყმით, ან გასცემს ახალი ცნობას, რომ აღნიშნულმა პირმა ნამდვილად მიიტანა საკვები/პირადი ნივთები.