მთავრობა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების პროგრამას იწყებს
კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების პროგრამას იწყებს.
კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ, ტომარა ფქვილს მაქსიმუმ 51 ლარად გაყიდიან.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა 24 აპრილს მოხდება
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო, ჯამში, 40 000 ტონა ხორბალს დაასუბსიდირებს, რაც საქართველოს ერთი თვის მარაგია. შესაბამისად, თანხა, რომელიც ხორბლის ფასის შენარჩუნებას მოხმარდება, მილიონ 600 ათასი დოლარია.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე განმარტავს, რომ პროექტის მიზანია, ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგები შექმნას და ამავდროულად შეინარჩუნოს პურის ფასი.
“9 პროდუქტის ფასის სუბსიდირებაზე მთავრობამ გადაწყვეტილება ადრევე მიიღო. თუმცა, რეალურად პრობლემა აქაც წარმოიშვა, რადგან ქართველ იმპორტირებს თავად მიმწოდებლებმა გაუძვირეს ხორბალი. ამიტომ მხოლოდ კურსის ცვალებადობით გამოწვეული სუბსიდირება ვეღარ აკომპენსირებდა ამ სხვაობას, რომ იმპორტორებს გაეყიდათ ხორბალი, წისქვილს გადამუშავებინა და ბაზრისთვის მიწეოდებინა იმ ფასად, რომ შენარჩუნებულიყო პურის ღირებულება”, – აცხადებს გიორგი ჯიბლაძე.