კორონავირუსის გავრცელების მასშტაბური ეტაპი და ეკონომიკის ჩამოშლის საფრთხე
კორონავირუსთან ბრძოლა ახალ, შიდა გავრცელების მასშტაბურ ეტაპზე გადადის.
შესაბამისად, საკარანტინე რეგულაციებიც მკაცრდება, რაც ქვეყნის ისედაც მყიფე ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.
,,მომავალი ორი-სამი კვირა იქნება ძალიან მძიმე. პირდაპირ გეტყვით, რადგან 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია, იყოს მეტად სწრაფი ზრდა”,-ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, გააკეთა.
დაინფიცირებულთა რაოდენობა 300-ს რამდენიმე დღეა, ასცდა და ქვეყნის ხელისუფლებამაც საკარანტინე რეგულაციები გაამკაცრა: საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში ყველა სახის მოძრაობა, შესვლა და გასვლა, დღეიდან კი, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ავტომანქანებით მოძრაობა აიკრძალა. მოქმედებს სხვა შეზღუდცებიც.
გაჩერებულია საწარმოების დიდი ნაწილიც. მათ შორის არიან თვითდასაქმებული ადამიანები, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო მათივე საკუთარი, მცირე ბიზნესი იყო. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება მეტ-ნაკლებად სწორ ნაბიჯებს დგამს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კანონი ყველასათვის კანონი იყოს.
,,მნიშვნელოვანია, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებდეს. ერთი ხელით ყველაფრის დაკეტვა და მეორეს მხრივ კი, თვალის დახუჭვა რაღაცეებზე, ძალიან არასწორია. თუ ვიღებთ მკაცრ ზომებს, ეს თანაბრად უნდა მოქმედებდეს ყველაზე, გამონაკლისის გარეშე”,-განუცხადა knews-ს ,, დემოკრატიის სკოლის” თელავის ოფისის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ შარვაშიძემ.
პროფესიით ფინანსისტი ალექსანდრე თეგერაშვილი ამბობს, რომ ყველა შეზღუდვას ხშირად თანმდევი პროცესი ახლავს. ამ შემთხვევაში კი, მისივე თქმით, ფინანსურ ზარალს განიცდის არა მარტო მცირე მეწარმე, არამედ, სახელმწიფოც. როდესაც მეწარმე არ მუშაობს, არც შესაბამისად, გადასახადს იხდის, რაც სახელმწიფოსაც აზარალებს. როგორც ალექსანდრე თეგერაშვილი ამბობს:
,,ეს ზარალი ორმხრივია, მაგრამ ეკონომიკაში არსებობს ე.წ. ხარჯთსარგებლობის ცნება. როდესაც საქმე ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება, შეუძლებელია ადამიანის სიცოცხლის შეფასება. ამას ხომ ფასი არ აქვს? თუ ეს მკაცრი ზომები კორონავირუსისგან გადაგვარჩენს, რა თქმა უნდა, მისაღები ზომებია და ეს ზარალიც ყველასგან გასაღებია, მაგრამ თუ ეს ზომები არაფერს მოგვცემს და ვირუსიც ჩვეულებრივ გავრცელდება და აღმოჩნდება, რომ შეზღუდვებმა არანაირი შედეგი გამოიღო, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზომების მიღება არასწორი იყო. ამ ეტაპზე კი, ამის თქმა რთულია”.
ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ანტიკრიზისული გეგმა დროულად შეიმუშაოს და ქვეყნის ეკონომიკა განადგურებისგან, მოსახლეობა კი, მოსალოდნელი შიმშილისგან იხსნას:
,,ქვეყნის ხელისუფლება გადაერთო პიარზე. საწარმოები გაჩერებულია, ვაჭრობა შეჩერდა, ლარი გაუფასურდა, ქვეყანა ჩაძინებულია. 100 ლარი თუ გჭირდებოდა სამომხმარებლო პაკეტის შესაძენად, ახლა 150 ლარი მაინც გჭირდება. ამ ფონზე კახეთის გუბერნატორი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტების თანამშრომლების ხელფასის 1/3, მათ შორის, მათი, ვისი ხელფასი 400 ლარია, რაღაც დახმარების ფონდში გადაირიცხება. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, არ იციან, რა გააკეთონ. ამ დროს მთელი რიგი საწარმოები გაჩერებულია, მათ შორის, ჯართის ჩასაბარებელი პუნქტები, რომელთა ფუნქციონირება და დეზინფიცირება, პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. ქვეყნის ხელისუფლება წარმატებით ვერც კორონავირუსს ებრძვის და ვერც ეკონომიკას ინარჩუნებს”,-აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის” ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შაქრო ტერტერაშვილი.
სანამ კრიზისი ჩაივლის, საზოგადოება სასულიერო პირების ნაწილისგან ღიად გაკეთებულ განცხადებებს მოხუცების ამქვეყნიდან გასვლის კანონზომიერების შესახებ ისმენს.
ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ თუ სახლში არ დავრჩებით, ,,კუბოებს ვეღარ დავითვლით”, საზოგადოების ნაწილი კი ფიქრობს, როგორი არჩევანის გაკეთებაა სწორი, როდესაც სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს.
ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი