კახეთში ყველა სასაფლაო დაიკეტება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების პარალელურად, ხვალიდან კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში სასაფლაოები 10 დღით დაიკეტება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას სასაფლაოებთან საპოლიციო ძალები გააკონტროლებენ.
,,დღეს გაიმართა კახეთის ორი საოპერაციო შტაბის სხდომა რვავე მუნიციპალიტეტის მერების მონაწილეობით. ეს იყო ონლაინთათბირი, სადაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ 10 დღით კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში დაიხურება მუნიციპალური, ანუ სოფლის სასაფლაოები.
მოვუწოდებ მოქალაქეებს გამომდინარე იმ საშიშროებიდან, რაც დღეს ყველა ჩვენთაგანის წინაშე დგა, მაქსიმალურად შეიკავონ თავი სასაფლაოებზე გასვლისაგან. გარდა ამისა, ასევე გაძლიერებული იქნება საპოლიციო კონტროლი ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე და შესაბამისი სანქციები გატარდება მის დარღვევაზე.
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ დიდი რაოდენობით შემოვიდა კახეთში მოსახლეობა თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან. ეს ღონისძიებები კი ემსახურება იმას, რომ თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის კერების გაჩენა. დღემდე რომ კახეთი ინარჩუნებს სუფთა რეგონის სტატუსს ამ კუთხით, ეს მხოლოდ ჩვენს ქცევაზე არის დამოკირებული”,-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.