თელავში მოსახლეობა სურსათზე ფასების ზრდას აპროტესტებს
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა რძის ნაწარმზე, ხორცზე, ნიორზე, ფქვილსა და სხვა პროდუქტებზე ფასების მატებას აპროტესტებს.
ადგილობრივების თქმით, ზოგ პროდუქტზე ფასი 1, ნაწილზე კი, 5 ლარით არის გაზრდილი. თელავში მცხოვრები თინა მირინაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობა მძიმე სოციალური პირობების გამო ბევრი საჭირო პროდუქტის ყიდვას ვერ ახერხებს.
,,მივმართავ იმ უწყებებს ვისაც ეს ეხება. მაღაზიებში პროდუქტებზე ფასებს თვითნებურად ზრდიან. ადრე ამის გამო საგადასახადო მაღაზიის მფლობელებს აჯარიმებდა, ახლა სად არიან?’’,– აცხადებს თინა მირინაშვილი.
პროდუქტებზე ფასების მატებაზე საუბრობენ სხვა ადგილობრივებიც. თელავში მცხოვრები ნატო პეპიაშვილი აცხადებს, რომ გაძვირებული ფასების გამო სააღდგომოდ მაღაზიებში პროდუქტის ყიდვა ვერ შეძლო.
,,ყველი 20 ლარი გახდა, ხორცი ხომ სანატრელია და ვერ ვყიდულობთ. იმდენად ძვირი იყო ყველაფერი, რომ ვერ ვიყიდე ვერაფერი და სახლში ცარიელი დავბრუნდი’’,- აცხადებს ნატო პეპიაშვილი.
მოსახლეობა ამბობს, რომ თელავში აგრარული ბაზრის დაკეტვამ ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან მაღაზიასთან შედარებით პროდუქტის ყიდვა ნაკლებ ფასად იყო შესაძლებელი.
,,ზოგ პროდუქტზე ფასი 1 ლარით არის მომატებული, ნაწილზე კი, მეტი. მაგალითად, კარაქი 5 ლარით არის გაძვირებული, 1 კილოგრამი ნიორის ფასი კი, 29 ლარი და 50 თეთრია.
ეს იმიტომ ხდება, რომ ბაზრები დაკეტეს და მაღაზიებში რა ფასადაც სურთ, ისე ყიდიან ნებისმიერ პროდუქტს. არამარტო შემოტანილ პროდუქტებზე, ადგილობრივ ნაწარმზეც გაიზარდა ფასები. ეს ძალიან ცუდ დღეში გვაყენებს, სამსახურებიც გაჩერებულია და გაძვირებული პროდუქტის ყიდვა შეუძლებელია’’, – აცხადებს მოსახლეობის ნაწილი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში ხორცი 14.7%-ით, ბოსტნეული – 12.5%-ით; რძე, ყველი და კვერცხი კი 18.9%-ით გაძვირდა. თელავში მოქმედ მაღაზიებსა და აფთიაქებში აცხადებენ, რომ გარკვეული პროდუქტები სადისტრიბუციო კომპანიებს უკვე გაძვირებული შემოაქვთ.
,,მედიკამენტების და სურსათის მარაგების პრობლემა ნამდვილად არ არის ჩვენთან. ერთადერთი, რაც არის, მაგალითად ერთი ტომარა შაქარი 100 ლარი გახდა, ჩვენ შესაბამისად 2,20 ლარად ვყიდით 1კილოგრამს. ანუ ჩვენთვის მარჟა არ შეცვლილა ისევ იმ მცირე მარჟაზე ვმუშაობთ და კატეგორიულად გამორიცხულია ჩვენ ქსელში ხელოვნურად რაიმეს გაძვირება, თუმცა გარკვეულ დასახელებებზე როგორც აფთიაქში ისე მარკეტში შეინიშნება ფასის მატება, რაც ბუნებრივია იმპორტი, რომელიც უცხო ვალუტაში ხორციელდება, კურსი ახდენს გავლენას”, – განუცხადეს knews.ge-ს სუპერმარკეტების და აფთიაქების ქსელ ,,ნატალიში”.