ნელი ხიზანიშვილი – კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია
კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და ამ ეტაპზე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
როგორც knews-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განუცხადა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიაში სულ 42 პაციენტის ანალიზის სინჯი გაიგზავნა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში COVID19 არ დადასტურდა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთის საკარანტინე ზონიდან და ე.წ. ცხელების ცენტრებიდან კიდევ იგეგმება საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების ანალიზის გაგზავნა, რომლის პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი.
ამ ეტაპზე კახეთში მოწყობილ 11 საკარანტინე ზონაში 416 მოქალაქე იმყოფება.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი უკვე 230 მოქალაქეს დაუდასტურდა, საიდანაც 54 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 კი გარდაიცვალა.