კახეთის ცხელების ცენტრები COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში
საქართველოს მასშტაბით კახეთი ერთ-ერთი რეგიონია, სადაც ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით ცხელების 4 ცენტრია შერჩეული, სადაც საკარანტინო ზონებიდან და საცხოვრებელი სახლებიდან საეჭვო სიმპტომების გამოვლენისთანავე მოქალაქეები გადაჰყავთ. კლინიკებში პაციენტების ანალიზებს უღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში კვლევისთვის აგზავნიან.
საეჭო სიმპტომების მქონე მოქალაქეების მისაღებად მზად არის თელავის ცენტრალური საავადმყოფო. სტაციონარმა პაციენტების მიღება 6 აპრილიდან დაიწყო.
კლინიკის დირექტორი ზურა საჩიშვილი განმარტავს, რომ საავადმყოფოში გამოყოფილია 7 ბოქსირებული პალატა, სადაც საეჭვო პაციენტებს განთავსებენ.
,,კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს მედიკოსები შესაბამისი ანალიზებს აუღებენ და თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს დაუდასტურდება კორონავირუსი, მას შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ”, – განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ზურაბ საჩიშვილმა.
COVID19-ის სიმპტომების მქონე პაციენტებს თელავის რეფერალური საავადმყოფოც მიიღებს.
კლინიკის დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, საავადმყოფოში მოწყობილია 2 ბოქსირებული და 7 იზოლირებული პალატა, რომელიც სასუნთქი აპარატებით და სხვა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი.
,,კლინიკა ზონირების პრინციპით არის მოწყობილი და ბოქსირებული პალატები მოწყობილია ყველა საჭირო ინვენტარით და საჭირო ინფრასტრუქტურით.
საავადმყოფო, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის ნებისმიერი ტიპის პაციენტი მიიღოს და გაუწიოს მომსახურება. კლინიკაში ყველაფერია, რაც სჭირდება ნებისმიერი ტიპის სამედიცინო მომსახურების ჩატარებას მათ შორის, ინფექციური პათოლოგიების მქონე პაციენტებს’’,- აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ხათუნა ჭონიაშვილი.
თელავის გარდა, ცხელების ცენტრები მოქმედებს საგარეჯოსა და ლაგოდეხშიც. 40 ბოქსირებული პალატაა მოწყობილი ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში”.
კლინიკის ხელმძღვანელის, ნუკრი ყარალაშვილის განცხადებით, საავადმყოფოე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კორპუსი გააჩნია და სწორედ ამიტომ ბოქსირებული პალატები ერთ სივრცეში გამოყვეს.
,,კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტების მისაღებად ერთი კორპუსი მთლიანად მოეწყო. მზად ვართ და სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით. ასევე გვაქვს შესაძლებლობა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებსაც ვუმკურნალოთ”, – ამბობს ნუკრი ყარალაშვილი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, რომ რეგიონში ოთხივე ცენტრი სრულ მზადყოფნაშია და პერსონალი გადამზადებულია.
“ყველა ცენტრში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. პერსონალი შესაბამისად მოტივირებული და გადამზადებულია. მათ გააჩნიათ მკურნალობისთვის საჭირო გაიდლაინები და აღჭურვილობა. ვფიქრობთ, რომ ეს ცენტრები თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებენ”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ყველა რეგიონში პრე-კრიზისული ფაზიდან კრიზისულ ფაზაში გადასვლის დროს ცენტრები მზად იყოს პაციენტების მისაღებად.
დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, პაციენტების რიცხვის ზრდის პარაელურად, კახეთში შესაძლოა გარკვეული სამედიცინო მარაგის დეფიციტი შეიქმნას, რის მოსაგვარებლადაც სახელმწიფო აქტიურად იმუშავებს.
,,აუცილებლად მოგვიწევს კრიზისულ ფაზაში გადასვლა, რომლის დროსაც იქნება კლინიკებში პაციენტების მოზღვავება. კახეთში ჩვენ შევამოწმეთ, როგორ მიიღებენ პაციენტს, ვნახეთ თავისუფალი სივრცეები, იმისათვის რომ ისინი იზოლირებულები იყვნენ პაციენტის განთავსებისა და მართვისათვის.
მედპერსონალს უნდა ჰქონდეს თავისი მოქმედების არეალი. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ყველა კლინიკის რესურსს, რადგან უნდა მოვემზადოთ უარესი სცენარისათვის. კლინიკები მზად არიან, მაგრამ გვინდა მეტი მზაობა და მეტი პასუხისმგებლობა.
საბჭოზე იქნება წარდგენილი რეგიონების სურათი და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები. კახეთში არის მარაგის დეფიციტი და ჩვენ ამაში დავეხმარებით“, – განაცხადა ხუნდაძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ რეგიონში ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში მოქმედი ცენტრები საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს მქონე პაციენტებს იღებენ, და სათანადო ანალიზებს ლუგარის ლაბორატორიაში გზავნიან.
,,კახეთში ამ დროისთვის ეპიტსიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. საკარანტინო სივრცეებიდან საეჭვო სიმპტომების მქონდე პაციენტები გადაჰყავთ ცხელების ცენტრებში, შესაბამისი ანალიზების იღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გზავნიან.
პირველ ეტაპზე გაგზავნილი იყო 14 მოქალაქის ანალიზები, შემდეგ გაიგზავნა 10 ადამიანის ანალიზი და არცერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი’’, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.