ახალი ამბებისტატიები

კორონავირუსთან ბრძოლა და მოხალისეობის მაგალითები კახეთში

კახეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო და საშიშ ინფექციას მოხალისეობის კონკრეტული მაგალითებით დაუპირისპირდა. საქველმოქმედო აქციებში სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები მონაწილეობენ და ამბობენ, რომ სიკეთე გადამდებია.

როგორც უთქვამთ, რთული და ერთი შეხედვით, გამოუვალი სიტუაციები ადამიანების ბუნებას ყველაზე უკეთ გამოავლენს-ხოლმე. ასეა ამჯერადაც, როდესაც სრულიად განსხვავებული პროფესიის და ასაკის ადამიანები მათზე გაჭირვებულებს ეხმარებიან, მათ, ვისაც ახალ კორონავირუსთან გამკლავება, მძიმე სოციალური პირობების გამო, დამოუკიდებლად ურთულდებათ.

ადგილობრივი მოსახლეობის ერთმა ნაწილმა, მართლაც, მოხალისეობის, გულისხმიერების და გვერდში დგომის საუკეთესო მაგალითები აჩვენა. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები, რომლებმაც სოციალურად დაუცველებს პური დაურიგეს, ისინი, რომლებმაც კაკო პაპას ტიტების ბაღი დაღუპვას გადაარჩინეს, თუ ისინი, რომლებიც მიუსაფარ ძაღლებს დაეხმარნენ.

სწორედ იმ დროს, როდესაც 63 წლის ფერმერს კახეთიდან მის ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება უნდა მიეღო და მთელი წლის განმავლობაში ნალოლიავები ტიტების ბაღის განადგურების ფაქტს უნდა შეგუებოდა, კაკო ჯეირანაშვილს მისთვის უცნობი ასეულობით ადამიანი დაეხმარა და მისი ტიტები დაჭკნობას გადაარჩინა.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ინიციატივა ლაგოდეხშიც გამოიჩინეს, სადაც ერთ-ერთი საცხობის მფლობელმა ახალაგზრდებმა 100-მდე პური უფასოდ გასცეს იმ ადამიანებზე, რომლებსაც უფრო მეტად უჭირთ.

ამ სახის ქველმოქმედება ახმეტის მუნიციპალიტეტშიც გამოიჩინეს. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ საკობიანოს საცხობში ერთმა ახალგაზრდამ 200 ლარი იმისთვის დატოვა, რომ პური ხალხისთვის უფასოდ დაერიგებინათ.

საქველმოქმედო აქციებში ადგილობრივი სპორტსმენებიც ჩაერთნენ. თელავში მორაგბეთა გუნდმა, საკუთარი სახსრებით, ამავე კლუბში ჩარიცხულ ახალგაზრდა სპორტსმენთა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები და პროდუქტი გადასცა.

“ინიციატივა გუნდში, ბიჭებს შორის გაჩნდა და დავიწყეთ გაჭირვებული ოჯახების დახმარება, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას”, – განუცხადეს “კახეთის ხმას” გუნდის წევრებმა.

ხანდაზმულების დახმარება ახალგაზრდა ლიდერებმაც გადაწყვიტეს, რომლებმაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასურსათო კალათები დაარიგეს და აღნიშნეს, რომ მათი ქველმოქმედება ერთეული შემთხვევებით არ შემოიფარგლება და სამომავლოდაც გაგრძელება. ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერის, გიგი გიგიტელაშვილის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, რამდენიმე სოფელში, 30- ზე მეტი სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ოჯახი შეარჩიეს.

,,შევარჩიეთ გაჭირვებული ოჯახები, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ და მეტი ყურადღება სჭირდებათ. ასეთი აქციები და მოხუცების დახმარება კიდევ გაგრძელდება”, – განაცხადა გიგიტელაშვილმა.

#ვიზრუნოთმოხუცებზე, – სოციალურ კამპანიას ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ახალგაზრდაც შეუერთდა. ისინი ე.წ. უტოს უბანსა და სოფელ პიტნიანში მცხოვრებ მოხუც ქალბატონებს ესტუმრნენ, რომლებსაც საჭირო მედიკამენტები და საკვები პროდუქტები გადასცეს.

,,დავეხმაროთ ხანდაზმულებს თელავში”, – ამ სახელწოდების ჯგუფი სოციალურ ქსელში 8 გოგონამ შექმნა. ისინი ამბობენ, რომ მეგობრები არიან და მათი მიზანი, კარანტინის პირობებში, მარტოხელა, ხანდაზმული მოქალაქეების დახმარებაა, რომლებსაც ქალაქში გადაადგილებას, აფთიაქსა და მაღაზიაში გასვლის გარდა, ახალი საკარანტინე რეგულაციები უკრძალავს.

,,13 დღეში უკვე 150 ოჯახს დავეხმარეთ და ჯერ ერთი დღეც არ ჩაგვიგდია. მოსახლეობა გვაწვდის არამალფუჭებად პროდუქტს, თუ თანხას, ვყიდულობთ პირველადი მოხმარების საგნებს, შვრიას, მაკარონს, სხვა პროდუქტს და ხანდაზმულებთან მიგვაქვს, რომ გარეთ არ გამოვიდნენ”, – განაცხადა ჯგუფის ერთ-ერთმა მოხალისემ, ქეთი ვახტანგიშვილმა.

საქველმოქმედო აქციებში კერძო მოხალისეებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაც აქტიურადაა ჩართული. ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები, რომლებიც ვირუსის ყოველდღიურად უფრო მეტად დამძიმებულ შემოტევებს არ უშინდებიან, ახალ აქციებს აანონსებენ. ალბათ ეს არის პასუხი ავადმყოფი მსოფლიოს, დღესდღეობით, ყველაზე რთულ კითხვაზეც: როგორ უნდა გადავრჩეთ?

 

ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი