ახალი ამბები

კახეთში საკონტროლო პუნქტებზე დარღვევა არ დაფიქსირებულა

კახეთის მასშტაბით მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, მოქალაქეებში მაღალი ტემპერატურა და  ავტომობილებში მგზავთა რაოდენობის გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საველე კარვები და მედ-პუნქტი თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან აქვთ მოწყობილი.

უწყების ინფორმაციითვე ასევე, საკონტროლო პუნქტები განთავსებულია ვაზიანი-გომბორი-თელავის და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალებზეც.

,, ყველა გამშვებ პუნქტზე თერმოსკრინინგს ერთდროულად რამდენიმე ექიმი ატარებს, ამიტომ ცენტრალური გზის მონაკვეთებზე ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კახეთში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 11 პირი, 11 საკარანტინო სივრცეში კი 562 მოქალაქე იმყოფება.

მისი თქმით, კარანტინში მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ლუგარის ლაბორატორიიდან 10 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან.