გურჯაანში მცხოვრები კაკო ჯეირანაშვილის მოყვანილი ტიტები ექიმებს გადასცეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მცხოვრები კაკო ჯეირანაშვილის მოყვანილი 1500 ცალი ტიტა მოსახლეობამ იყიდა და მადლიერების ნიშნად ექიმებს გადასცა.
ტიტები მიიღეს ინფექციურის, რესპუბლიკურის, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმებმა.
63 წლის მეყვავილეს რომელიც ტიტებს პანდემიისგან დაწესებული შეზღუდვების გამო ვეღარ ყიდიდა და ყვავილები კი ნაკვეთში ჭკნებოდა, ასეულობით მისთვის უცნობი ადამიანი დაეხმარა.
მეყვავილემ ტიტები ერთ დღეში სრულად გაყიდა. მას რიგითმა ადამიანებმა და კომპანიებმა იმაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს, ვიდრე იზარალა.
კაკო ჯეირანაშვილის თქმით, ის ტიტებს თბილისში, ნავთლუღის ბაზარში ყიდიდა, თუმცა covid-19-ის პანდემიის გამო საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და სხვა შეზღუდვების მიზეზით, ნავთლუღის ყვავილების განყოფილება არ მუშაობს.
მის დასახმარებლად Facebook-ზე მომხმარებელმა მარიამ ნატროშვილმა ინიციატივა გამოთქვა, რომ კაკო ჯეირანაშვილს შექმნილი ვითარება ოდნავ მაინც გამოსწორებულიყო.
შეიქმნა ანგარიშის ნომერი, რომელზეც შესაძლებელი იყო ნებისმიერ მსურველს ვირტუალურად ეყიდა ტიტა და დახმარებოდა კაკო ჯეირანაშვილს ბიზნესის შენარჩუნებაში.
ფოტო: რადიო ჰერეთი