ახალი ამბები

სოციალურად დაუცველებს იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღუდგინეს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად აუნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც მათ ფულადი დახმარება შეჩერებული ჰქონდათ.

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა არ გადაამოწმებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებას თავად ოჯახი მოითხოვს.

მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით სააგენტო უწყვეტად გააგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას. აღნიშნული ვრცელდება 2020 წლის პირველი იანვრიდან განხორციელებულ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებებზეც.

ამასთანავე, ამ პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალება ზედმეტად​ გაცემულად და არ დაექვემდებარება უკან დაბრუნებას”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.