თელავში ყველა საკონტროლო გამშვები პუნქტი კომენდანტის საათის გამოცხადებამდე ამოქმედდება
თელავში საკონტროლო გამშვები ბლოკ-პოსტების მოწყობა მიმდინარეობს.
სამხედრო ექიმები თელავში შემომსვლელ და ქალაქიდან გამსვლელ მოქალაქეებს ოთხ ლოკაციაზე – შუამთასთან, ასევე ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის შემოსასვლელებთან თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. შუამთის ბლოკპოსტთან, სადაც დღეს კახეთის გუბერნატორი იმყოფებოდა, მედიკოსებმა უკვე დაიწყეს მოქალაქეების თერმოსკრინინგი. ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ თელავში ყველა ბლოკ-პოსტი ე.წ. კომენდანტის საათის გამოცხადებამდე ამოქმედდება
„შუამთასთან ბლოკ-პოსტი უკვე მოეწყო. თელავში დანარჩენ სამ ლოკაციაზე ბლოკპოსტები ე.წ. კომენდანტის საათის გამოცხადდებამდე ამოქმედდება. 21 საათამდე ყველა ბლოკ-პოსტი იქნება სრულ მზადყოფნაში. საკონტროლო გამშვებ პუნქტებს ექნება მხოლოდ მოქალაქეების თერმოსკრინინგისა და მონიტორინგის ფუნქცია. თუ რომელიმე ადამიანს აღმოაჩნდება სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა ეჭვს იწვევდეს, მას დამატებით შეამოწმებენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.