კახეთში დიდი მოცულობის ავტოტრანსპორტით ექვსზე მეტი ადამიანის გადაადგილება აიკრძალა
საყოველთაო კარანტინის გამოცხადების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები შეეხო კახეთში დიდი მოცულობის ავტოტრანსპორტსაც, რომლებსაც საგაზაფხულო ან ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად მუშახელი გადაჰყავთ.
კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსებით ან მიკროავტუბუსებით ექვსზე მეტი ადამიანის გადაადგილება აიკრძალა.
„კახეთში აქტიურად მიმდინარეობს ვენახის, ხვნა-თესვითი და სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევაჩეროთ ასეთი სამუშაოები. ყველა მევენახეს, კომპანიას, ამ საქმიანობაში ჩართულ პირებს ვაფრთხილებთ, რომ მუშა ხელის გადაადგილება, ტრანსპორტირება, სამუშაო, დასვენებისა და საკვების მიღების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგულაციებს. თუ მუშა ხელი გადაჰყავდათ სამარშრუტო ტაქსებისა და მიკროავტობუსების მეშვეობით და იქ იყო 12, 15 ან ზოგჯერ მეტი ადამიანიც, ახალი რეგულაციებით, რომლებიც ოპერატიულ შტაბში გუშინ თათბირზე მივიღეთ, მასქიმუმ 6 ადამიანი შეიძლება იყოს ასეთ სატრანსპორტო საშუალებაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ეს რეგულაცია სამწუხაროდ გაზრდის მეწარმეების დანახარჯებს, თუმცა შეზღუდვის მიზანია კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენცია.
,, ეს მეწარმისთვის დამატებითი ხარჯი იქნება, რადგან დაახლოებით სამი გზა უნდა გააკეთოს, მაგრამ უნდა დავიცვათ სტანდარტების ის მინიმუმი, რაც მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ანალოგიური რეგულაციები გავრცელდება სხვა სახის სამუშაოების, მათ შორის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მსუბუქი ავტომობილით კი აკრძალულია სამზე მეტი ადამიანის გადაადგილება.
ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილამდე არის გამოცხადებული. დღეს დილის 8 საათიდან კი საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და 21 საათიდან კი ე.წ. კომნედანტის საათი გამოცხადდება.