კახეთში კორონავირუსის პრევენციისთვის ოპერატიული შტაბი შეიქმნა
დღეს კახეთის გუბერნატორმა ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა.
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ კახეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ოპერატიული შტაბი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა მუნიციპალიტეტის მერი, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელი პირები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი.
გუნერნატორის ინფორმაციით, პირველი სამუშაო შეხვედრა გუშინვე გაიმართა, სადაც დაიგეგმა პრევენციული ღონისძიებები.
“რეგიონებში შეიქმნა ოპერატიული შტაბები, რომელთა შემადგენლობაში შედიან სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება, ყველა მუნიციპალიტეტის მერი და ასევე ის სამსახურები, რომლებიც მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახისა კონტროლისა და მონიტორინგის განსახორციელებლად. გუშინ საღამოსვე ჩვენ გვქონდა ოპერატიული შტაბის შეკრება და გავიარეთ ახალი დადგენილებით მიღებული ყველა რეგულაციის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებები. დღეს დილიდანაც გვქონდა თათბირი, რომელიც დღეში ორჯერ ვიდეოკონფერენციის სახით მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გუბერნატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კახეთში სასოფლო- სამეურნეო სამუშაოები გაგრძელდება, თუმცა მეწარმეებს რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.