კახეთში თვითიზოლაციაში 183 მოქალაქე იმყოფება
30 მარტის მონაცემებით, კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 183-მდე შემცირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ შიდაიზოლაციის რეჟიმი 50 მოქალაქეს მოეხსნა.
მისივე თქმით, გუშინ რესპირატორული სიმპტომებით კახეთიდან თბილისის საავადმყოფოში 1 მოქალაქე გადაიყვანეს.
ხიზანიშვილი ვერ აკონკრეტებს აუღებენ თუ არა პაციენტს კორონავირუსზე ანალიზებს.
ამ დროისთვის კახეთში COVID19-ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი უკვე 108 მოქალაქეს დაუდასტურდა.