ახალი ამბები

იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ფუნქციონირების ხასიათიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ.

გახარიას განმარტებით, საშვების გაცემა ამ ადამიანებზე მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციებს დაიცავენ.

“ყველა ის დაწესებულება, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას 24-საათის განმავლობაში, მათ ექნებათ სპეციალური საშვები, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

მედიის თავისუფლება, ისევე როგორც სასურსათო მაღაზიების მუშაობა და სხვა ბევრი დაწესებულების მუშაობა, ბანკი იქნება ეს თუ სააფთიაქო ქსელი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უპირველესი ღირებულება და როდესაც ჩვენს ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ამ ვირუსის პირობებში არ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენსაზე, ჩვენ უკვე პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანების წინაშე, რომლებთანაც კომუნიკაციაში შევდივართ.

იქნება სპეციალური საშვები, რომლის საშუალებითაც მედიასაც ექნება მუშაობის საშუალება, პურის ქარხნებსაც ექნება საშუალება, იმ დისტრიბუციის ქსელებსაც ექნებათ საშუალება, რომლებიც ამარაგებენ სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს”, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.