სოფელ იყალთოში მცხოვრები ბიზნესმენი მეწარმეებს პროდუქტებზე ფასის შემცირებისკენ მოუწოდებს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მდებარე სასტუმრო “სავანეთის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სასურსათო მარკეტის მფლობელი გიგლა ლოქაფიშვილი მომხმარებლებს პროდუქციას დაბალ ფასად მიჰყიდის.
ბიზნესმენის თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ბევრ მაღაზიაში პროდუქტების ღირებულება გაორმაგდა.
ის სხვა მეწარმეებს და ბიზნესმენებს მოუწოდებს არ გაზარდონ სურსათზე ფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროცესი მოსახლეობაზე მკვეთრად უარყოფით აისახება.
,,გარკვეულ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება.
მე ჩემს მაღაზიაში ყველა პროდუქციას 0%-იანი დანამატით ვყიდი, იმ ფასში, რაც დისტრიბუციას მოაქვს. ახლა არ არის ფულის შოვნის დრო, ახლა მთავარია ერთმანეთის გვერდით დგომა.
ჩვენ მომხმარებლების დახმარებით ვსაქმიანობთ, რადგან რომ არა ისინი, ჩვენი ბიზნესი ვერ იარსებებდა. ბიზნესსექტორის ყველა წარმომადგენელს მოვუწოდებ, დადგეს ხალხის გვერდით”, – განაცხადა გიგლა ლოქაფიშვილმა.