კახეთში 528 მოქალაქე იმყოფება კარანტინში
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კახეთში 8 ლოკაციაზე მოწყობილ საკარანტინო ზონაში მოთავსებული მოქალაქეების რაოდენობა 528-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც ერთ მათგანს არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთში თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი ადამიანების რაოდენის ზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სატბილურია.
“23 მარტს ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი სამი კვლევიდან Covid 19 არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. თვითიზოლაციაში მყოფი იმ მოქალაქების რაოდენობა ,რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს, რეგიონის მასშტაბით 463 -ია, ხოლო 18-ს მეთვალყურეობის ვალდებულება მოეხსნა. 3 პირი კი თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო იძულებით გადაიყვანეს თბილისის საკარანტინე სივრცეში.
ამასთან, ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ყველა საეჭვი შრმთხვევას იკვლევენ. ამ ეტაპზე მარნეულის შემთხვევასთან არცერთი კონტაქტი ან კავშირი არ იკვეთება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.