თელავის იუსტიციის სახლის ფილიალმა სამუშაო პროცესი განაახლა
თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენის გამო, თელავის იუსტიციის სახლის ფილიალში სამუშაო პროცესი 17-18 მარტს, დეზინფექციის ჩატარების მიზნით დროებით იყო შეჩერებული. ფილიალმა სამუშაო პროცესი დღეს განაახლა.
აღნიშნულ ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითიზოლაციის წესების დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა. მოქალაქეები პოლიციის თანამშრომლებმა საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანეს.
იუსტიციის სახლი მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.
„ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და მომსახურების დარბაზებში ხალხმრავლობის განტვირთვის მიზნით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, მოქალაქეთა დაშვება მკაცრად შეიზღუდა. სივრცეებში არ დაიშვებიან, როგორც მომსახურების მისაღებად მოსული მოქალაქეების თანმხლები პირები, ასევე ის მომხმარებლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად გამოცხადდებიან“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
თეა წულუკიანის უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ფარგლებში ხორციელდება. იუსტიციის სახლი მოგიწოდებთ, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.