რა ღონისძიებები ხორციელდება კახეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტებში გარკვეული სერვისების მიწოდება შეიზღუდა, ასევე აღარ იმართება მუდმივმოქმედი კომისიების ან საბჭოს სხდომები, რომლებსაც მოქალაქეები ესწრებიან. თვითმმართველი ერთეულები კი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ და საქმიანობას ონლაინ აგრძელებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, თვითმმართველობების მსგავსად მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ სხვა საჯარო დაწესებულებებიც, ასევე აიკრძალა სპორტულ დარბაზების, კაფე-ბარებისა და რესტორნების ფუნქციონირება, შეჩერდა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.
გარდა იმისა, რომ რეგიონის ყველა საჯარო სკოლაში, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მოსახლეობის თავშეყრის ადგილებსა და საჯარო სამსახურების შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა, მუნიციპალიტეტები სხვა დამატებით ღონისძიებებსაც ახორციელებენ.
ადგილობრივები კი თვითმმართველობების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს არასაკმარისად მიიჩნევენ.
გურჯაანში მცხოვრები მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია თვითმმართველობამ კერძო სახლებსა და საცხოვრებელი კორპუსებში რეგულარული სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატაროს, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციას.
,,კარგი იქნება, თუ დაიწყება სახლების დეზინფექცია, სადარბაზოების და სხვა თავშეყრის ადგილების სისტემატური დასუფთავება. ასევე იმ ადგილებში, სადაც თვითიზოლირებულები ცხოვრობენ. ასე უფრო მშვიდადაც ვიქნებით და დაცულებიც’’,- განუცხადა knews. Ge-ს ზურაბ მუმლაურმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, რომ COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყება სხვადასხვა სახის ღონისძიებას ახორციელებს.
არჩილ ხანდამაშვილი მიუთითებს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და თავშეყრის ადგილებზე დეზინფექციას სისტემატურად ტარდება, თუმცა დაგეგმილია მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოების სპეციალური ხსნარებით დამუშავება.
ხანდამაშვილის ინფორმაციით, ვირუსისგან თავის დაცვის რეკომენდაციების შესახებ მერია მოქალაქეებს ინფორმაციას ყოველდღიურად აწვდის.
,, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აიკრძალა სამარშუტო ტაქსების მოძრაობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
ასევე შეიცვალა კვების ობიექტების და სხვა დაწესებულებების მუშაობის სისტემაც. სასწავლო დაწესებულებებსა და საბავშვო ბაღებში არდადეგები გახანგრძლივდა.
სწორედ ამიტომ (ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ მიიღო გადაწყვეტილება, საბავშვო ბაღების მოსწავლეების კვებისთვის ამ დროის განმავლობაში გამოყოფილი თანხა მათ ოჯახებს მოხმარდეს. დაწესებულება გამოყოფს 132 000 ლარს სასურსათო კალათებისთვის, რომელიც თითოეული აღსაზრდელის ოჯახს გადაეცემა.
თითოეული სასურსათო კალათის ღირებულება 60 ლარს შეადგენს და სხვადასხვა პროდუქტს მოიცავს. პროდუქტების ოჯახებში მიტანა მომავალი კვირიდან დაიწყება.
შეხვედრა მქონდა ახალგაზრდებთან, რომლებსაც სურვილი აქვთ, მოხალისეობრივად ჩაერთონ კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებში.
ისინი მზად არიან, გვერდით დაგვიდგნენ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის პირველადი საჭიროების პროდუქტების გადაცემაში.
ასევე მოხუცებისთვის მედიკამენტების ადგილზე მიტანასა და საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში.
უახლოეს დღეებში განვახორციელებთ მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული კორპუსების სადარბაზოების დეზინფექციას’’,- განუცხადა knews. Ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.
კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა თელავის მუნიციპალიტეტშიც.
მკვეთრად შეიზღუდა კვების ობიექტების, რესტორნების, კაფე-ბარების ფუნქციონირებაც.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო იმოქმედებს მზა პროდუქტების ადგილზე მიტანის სერვისი.
,,ყველა საგანმანათლებლო, საჯარო დაწესებულებებში და სხვა სივრცეებში აქტიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.
პრევენციისთვის შეჩერდა სამარშუტო ტაქსების მოძრაობა. აკრძალვა შეეხება სოფლების მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსებს. ამის შესახებ უკვე ეცნობათ მძღოლებს.
გარდა ამისა, იცვლება კვების ობიექტების მუშაობის სისტემაც. რეკომენდაციის მიხედვით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიტანის სერვისით სარგებლობა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული სპორტდარბაზის და სხვა მსგავსი დაწესებულების მომსახურებით სარგებლობა’’,- განუცხადეს knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილი განმარტავს, რომ სადეზინფექციო ღონისძიებების გარდა, არდადეგების განმავლობაში უპოვართა სასადილოებს საბავშვო ბაღების გამოუყენებელი საკვები პროდუქტები გადაეცემათ.
,,რამდენიმე დღის წინ დასრულდა საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების დეზინფექცია, რაც სასწავლო პროცესის დაწყებამდე განმეორდება. დეზინფექცია ჩაუტარდა მერიის ადმინისტრაციულ შენობას და ტერიტორიულ ერთეულებს.
მერიაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა საჭირო ინფორმაცია მიაქვს მოქალაქეებამდე. ასევე შექმნილია მუნიციპალური ჯგუფები ტერიტორიული დაყოფის მიხედვით. სამი ჯგუფი მუშაობს, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას მათ სამოქმედო არეალში შექმნილი ვითარების შესახებ.
უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს კი კორონავირუსის პრევენციის გამო საკვები შეუძლიათ სახლში წაიღონ. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი ვერ შეძლებს სასადილოში მისვლას, ააიპ „უფასო სასადილოს“ ადმინისტრაცია საკვებს სახლში მიუტანს. დავეხმარებით ყველას, ვისაც ამისი საჭიროება ექნება.
გარდა ამისა, მერიამ გადაწყვიტა, რომ შევიძინოთ დიდი რაოდენობის სადეზინფექციო ხსნარი და სხვადასხვა დაწესებულებას, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, უფასო სასადილოებს და მოხუცთა თავშესაფრებს ხშირ დეზინფექციას ჩავუტარებთ.
ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება’’-განუცხადა knews. ge-ს მადონა ბატიაშვილმა.
გარდა იმ ღონისძიებებისა რასაც სხვა მუნიციპალიტეტები პრევენციისთვის ახორციელებენ, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ორგანიზებას COVID-19-ის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს უწევს.
დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განმარტებით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ვირუსისგან თავდაცვის შესაძლებლობებზე.
,,მუნიციპალიტში დეზინფექცია უტარდება ყველა საჯარო სივრცეს. პროცესში ჩართულია კერძო სექტორიც.
ყველა ღონისძიებას ვახორციელებთ, რათა ჩვენი მოქალაქეები COVID-19-ის შესაძლო გავრცელებისგან დავიცვათ“- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
ორ კვირაზე მეტია, რაც კახეთში შეიქმნა რეგიონული საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის წევრებიც როგორც თვითმართველობების ხელმძღვანელი პირები, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების წარმომადგენლები არიან.
მისი მიზანია კოორდინაცია გაუწიოს რეგიონში მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის განცხადებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მიეცათ დავალება, რომ ოჯახის ექიმებთან და ჯანდაცვის მიმართულებით მოქმედ სხვა დაწესებულებებთან ერთად კოორდინირებულად იმუშაონ და საჭიროების შემთხვევაში საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარონ მათ.
ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს პრევენციული ღონისძიებების უფრო შედეგიანად გატარებას.
,,ყველა მუნიციპალიტეტის მერს მიეცა დავალება, რომ აქტიურად იმუშაონ ოჯახის ექიმებთან და სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად, ხელი შეუწყონ მათ უფრო მეტად გააქტიურებას და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინონ დახმარება.
ეს იქნება საკომუნიკაციო, გადაადგილების, მოხალისეებით დახმარების თუ სხვა კუთხით”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
გუბერნატორის განმარტებით, სხვა პრევენციული ღონისძიებების გარდა, კიდევ უფრო გაძლიერდება კონრტოლი საკარანტონო ზონასა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებზე.