ახალი ამბები

პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თელავში სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია

კორონავირუსით დაინფიცირებულ თბლისი-პარიზის რეისით საქართველოში დაბრუნებულ მგზავრს თელავში სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, კახეთის გუბერნატორთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, 47 წლის ქალი, თელავის ერთ- ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო ზონაში, პროტოკოლის დაცვით გადაიყვანეს.

,, ყველაფერს აქვს თავისი წესი და ეს წესები იყო დაცული. ამ მგზავრს, სამედიცინო პერსონალის გარდა, კონტაქტი არავისთან ჰქონია. მას შემდეგ, რაც მას დაუფიქსირდა ტემპერატურა, საავადმყოფოში ასევე წესების დაცვით მოათავსეს”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში რეგიონში სხვა საკარანტინო ზონები მოძიებულია.

,, თუ დაგვჭირდა, ასეთი ადგილები მოძიებულია. ყველა ერთობლივად ვმუშაობთ ამ საკითხზე. დღეს, საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზეც განვიხილეთ რეგიონში შექმნილი ვითარება.

თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და პოლიცია ერთად აკონტროლებენ. ალბათ ამ პირების რიცხვი გაიზრდება, რადგან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ბრუნდებიან, მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამის რეჟიმს ექვემდებარებიან”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში თვიიზოლაციაში 110 პირია, საკარანტინო ზონაში რჩება 30, ხოლო თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისათვის, იძულებით კარანტინში გადაყვანილ მოქალაქეთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.