თელავის იუსტიციის სახლიდან საკარანტინო ზონაში პოლიციამ იძულებით კიდევ ერთი მოქალაქე გადაიყვანა
თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო თელავის იუსტიციის სახლიდან სამართალდამცველებმა საკარანტინო სივრცეში კიდევ ერთი მოქალაქე იძულებით გადაიყვანეს.
იუსტიციის სახლში ის დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით იმყოფებოდა, თუმცა როდესაც აღმოაჩინეს, რომ თვითიზოლაციაში ყოფნიდან საკინკუბაციო 14 დღიანი პერიოდი გასული არ იყო, სამართალდამაცავებს გამოუძახეს.
Knews. Ge-ს ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, აზერბაიჯანიდან დაახლოებით 4 დღის წინ დაბრუნდა. ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მამაკაცმა სპეციალური სამედიცინო შემოწმება გაიარა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მას განუმარტეს, რომ თვითიზოლაციის რეჟიმში უნდა ყოფილიყო 14 დღის განმავლობაში, რადგან აზერბაიჯანი კორონავირუსის გავრცელების რისკჯგუფის ქვეყნებს მიეკუთვნება.
ცნობისთვის, დაახლოებით ერთი საათის წინ თელავის იუსტიციის სახლიდან საკარანტინო ზონაში იძულებით კიდევ ერთი პირი გადაიყვანეს. ის თელავში რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდა.
როგორც knews. Ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, არც ერთ მოქალაქეს, რომლებიც საკარანტინო სივრცეში თელავის იუტიციის სახლიდან გადაიყვანეს, არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
იძულების წესით კახეთიდან საკარანტინო ზონაში უკვე 10 ადამიანი გადაიყვანეს. ხიზანიშვილის განმარტებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.