ახალი ამბები

ქალს, რომელიც თელავიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდგინდა

47 წლის ქალი, რომელიც პარიზი- თბილისის რეისის მგზავრი იყო და თელავიდან თბილისის ინპექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდგინდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, დაინფიცირებული პაციენტი თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. მისი თქმით, რეგიონში ორი საკარანტინო ზონა არსებობს, საიდანაც 24 პაციენტი თელავის ერთ სასტუმროში იმყოფება თვითიზოლაციის რეჟიმში, ნაწილი კი მეორე სასტუმროშია განთავსებული. ხიზანიშვილის ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

“ველოდებით ახალი საკარანტინო ზონების დამატებას. აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ყველა სავარაუდო ლოკაცია აბსოლუტურად მზად არის მედ-პერსონალის ჩათვლით. ამ ეტაპზე კახეთში კორონავირუსის შემთხვევა არ გვაქვს”, – ამბობს ნელი ხიზანიშვილი.

ბოლო მონაცემებით, კახეთში 110 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში, შვიდს კი მეთვალყურეობა მოეხსნა, რადგან 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდი გავიდა.

პარიზი- თბილისის რეისიდან 46 მგზავრი თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასტუმროში 14 მარტს მოათავსეს.