USAID-ის მისიის ხელმძღვანელი თელავში სამოქალაქო და სამთავრობო ლიდერებს შეხვდა
12 მარტს USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, პიტერ ვებლერი და დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი, ადამ შმიდტი კახეთის რეგიონის სამოქალაქო და საჯარო სექტორის ლიდერებს შეხვდნენ.
შეხვედრები კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან, თელავის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძესთან შედგა.
„ USAID მხარს უჭერს დეცენტრალიზაციის სტრატეგიას როგორც კახეთში, ასევე სხვა რეგიონებში. განვიხილეთ ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესების გზები, ვისაუბრეთ ეფექტიანობაზე, გამჭვირვალეობასა და ანგარიშვალდებულებაზე. ვისაუბრეთ ადგილობრივ მმართველობაში მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობაზე. თელავში ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით, ახლო წარსულში ვითანამშრომლეთ ადგილობრივ მთავრობასა და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან.“ – აღნიშნულია უწყების ოფიციალურ გვერდზე. https://www.facebook.com/USAIDGeorgia/
საქართველოში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. მისიის ხელმძღვანელობამ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთის“ (MCK) თანამშრომლებთან და ბენეფიციარებთან გამართა სამუშაო შეხვედრა.
USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, პიტერ ვებლერი და დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი, ადამ შმიდტი NDI ის მიერ დაფინანსებული პროექტით – მეწარმე ქალთა კლუბი 2 – ის მიმდინარეობით დაინტერესდნენ და კახეთის რეგიონული ჰაბის მუშაობას გაეცნენ. მისიის ხელმძღვანელი პროექტის მონაწილეებს ესაუბრა, მოისმინა მათი მოსაზრებები მოქალაქეთა ჩართულობისა და ადილობრივი დემოკრატიის საკითხებზე და აღნიშნა, რომ მისიისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID GEORGIA ხელს შეუწყობს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას.
ამერიკული დელეგაცია თელავის დემოკრატიის სკოლასაც ესტუმრა და DRIVE Democracy-ის პროექტის მიმდინარეობით დაინტერესდა.
„ახალგაზრდებს აქვს პოტენციალი იყვნენ ლიდერები საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ჩვენ თელავის დემოკრატიის სკოლის მონაწილეებს შევხვდით. დემოკრატიის სკოლას მხარს უჭერს USAID და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD). ახალგაზრდები აქტიურად მუშაობენ საზოგადოების ინტერესების დაცვისთვის.“
აღნიშნულია განცხადებაში.