ახალი ამბები

მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი გერმანულენოვანი მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გივი მარგველაშვილი 1927 წელს ბერლინში, ქართველი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა, 1946 წელს ის მამასთან ტიტე მარგველაშვილთან ერთად მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში, დააპატიმრეს და საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს.  ტიტე მარგველაშვილი დახვრიტეს, გივი მარგველაშვილი კი საქართველოში გადმოასახლეს.

გივი მარგველაშვილმა გერმანიაში დაბრუნება 80-იანი წლები ბოლოს შეძლო, 2011 წელს კი მწერალი თბილისში დაბრუნდა საცხოვრებლად.

ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, მარგველაშვილის ნაწარმოებებს, მათ შორის, რომანებსა და პიესებს, საბჭოთა კავშირის დროს არ აქვეყნებდნენ. თუმცა, 1991-1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, “კაპიტანი ვაკუშის”, მეორე ტომი, აგრეთვე რომანები “მუცალი”, “დიდი კორექტურა”, პროზაული კრებულები: “გადაუგდებელი ხელთათმანი”, “სიცოცხლე ონტოტექსტში”.

წიგნებს გერმანიაში დიდი აღიარება მოჰყვა, ის მიიწვიეს გერსვაილერის “ქალაქის მწერლად” გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში.

გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი. 1997 წელს გ. მარგველაშვილი არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად; 2006 წელს მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.

2015 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.