თეა წულუკიანი -ორი კვირის განმავლობაში იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს და სანოტარო ბიუროებს ნუ მიაკითხავთ
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ნუ მივლენ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში.
იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი ზომები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღინისძიებების ფარგლებში მიიღო.
„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა, რამდენიმე განცხადება გავაკეთო საზოგადოების საყურადღებოდ. იუსტიციის სამინისტროს სისტემა, კერძოდ კი, იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები და რეესტრების სხვადასხვა ტერიტორიული სამსახურები მუნიციპალიტეტებში, ასევე სანოტარო ბიუროები ემსახურებიან დღეში 30 ათასზე მეტ მოქალაქეს.
მინდა, მოგმართოთ ყველას და მოგიწოდოთ, რომ დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს რამე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში. გარდაუვალი აუცილებლობა არის აუცილებლობა, რომლის გადადებაც გვიანდელი დროისთვის არ შეგიძლიათ.
ეს არ არის მხოლოდ მოწოდება, ეს არის პრინციპული მოწოდება და თხოვნა იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა კორონავირუსის პრევენციაში“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, როგორც მან განმარტა, ძალიან მნიშვნელოვანია, გარდაუვალი აუცილებლობის მქონე მოქალაქემ, რომელიც მივა სერვისის მისაღებად, თავი შეიკავოს სხვა პირების თანხლებისგან.
თეა წულუკიანის თქმით, დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით, ყველა პრობაციონერი გათავისუფლებულია პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულებისგან.