სოფელ ზინობიანში საპროტესტო აქცია მეორედ გაიმართა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში მოსახლეობამ აქცია მეორედ გამართა. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და საძოვრების გასხვისება გააპროტესტეს.
მათი მტკიცებით, 20 წელია, რაც საიჯარო ხელშეკრულებით საძოვრებს და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებს იყენებენ, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისე გაყიდა ეს ტერიტორია, რომ ადგილობრივებმა ამის შესახებ შემთხვევით გაიგეს.
აქციის მონაწილეებს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს და სამართლებრივ დახმარებას დაპირნენ.
ოპოზიციონერების გამოჩენამ ერთ-ერთი ადგილობრივი გააღიზიანა. ის გიორგი ბოტკოველს დაუპირისპიდა და წინა ხელისუფლების დროს გაყიდული ტერიტორიბი შეახსენა. ბოტკოველმა კი მას სახელმწიფო უსაფრთხოების აგენტი უწოდა და პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.
ადგილზე ასევე იმყოფებოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი. როსტომ სესიაშვილის თქმით, შესაბამის სამსახურებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, საკითხი თითქმის მოგვარებულია. სესიაშვილმა ოპოზიციონერების ქმედებები ხალხის შეცდომაში შეყვანად და პოლიტიკურ ქულების დაწერად შეაფასა.