კახეთში თვითიზოლაციაში 55 ადამიანი იმყოფება
კორონავირუსის საფრთხის გამო კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 55 ადამიანი იმყოფება.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, თუ როგორ იცავენ აღნიშნული პირები თვითზოლაციასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას მათ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ყოველდღიურად აკვირდებიან.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირი დაარღვევს თვითიზოლაციის რეჟიმს, მათ თბილისში, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.
,,დღეის მდგომარეობით 55 ადამიანი არის თვითიზოლაციაში კახეთის რეგიონში. ახმეტაში 10, გურჯაანში 9, თელავში 11, ლაგოდეხში 5, საგარეჯოში 6, სიღნაღში 9 და ყვარელში 5 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში.
ყველა პირთან გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი როგორც პირადად, ასევე ტელეფონით და ვამოწმებთ იმას, თუ როგორ იცავენ ეს ადამიანები იმ მოთხოვნებს რაც დაწესებულია.
ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციის ნაწილი ჩვენ მოვუძიეთ, ნაწილი თბილისიდან მოგვაწოდეს. ასევე თავად მოსახლეობაც გვირეკავს და გვატყობინებს ამბავს. ჩვენ ამ. ინფორმაციას დეტალურად ვამოწმებთ და მერე ვიწყებთ მათთან მუშაობას”-,განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
ნელი ხიზანიშვილი აღნიშნავს, რომ მოქალაქეები თვითიზოლაციაში იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის გამო არიან, რადგან საინკუბაციო პერიოდი ამ დროისთვის გასული არ არის.
,,ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მათ აქვთ კორონავირუსი. მათ იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ და საინკუპაციო პერიოდის გასვლამდე დავაკვირდებით. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და საზღვარზე შემომსვლელი ყველა პირის მოგზაურობის ისტორიის შემოწმება მიმდინარეობს”,- განაცხადა ხიზანიშვილმა.