თელავის საავადმყოფოებში რამდენიმე ბოქსირებული პალატა გამოყვეს
თელავის რეფერალურ და ცენტრალურ საავადმყოფოებში რამდენიმე ბოქსირებული პალატა გამოყვეს.
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის ზურა საჩიშვილის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებაში 2 ბოქსირებული პალატაა და 4 ადამიანის მიღება შეუძლიათ.
“ჩვენ არ გვაქვს ინფქციური განყოფილება, შესაბამისად ინფექციურ დაავადებებს ვერ ვემსახურებით, თუმცა გვაქვს ბოქსირებული პალატები და მოთხოვნაა, რომ კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირებული პაციენტები აუცილებლად თბილისში უნდა გადავიდნენ”, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ზურა საჩიშვილმა.
ბოქსირებული პალატები გამოყვეს თელავის რეფერალური საავადმყოფოშიც.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საფრთხის გამო კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა 47-მდე გაიზარდა.
ახმეტაში 9, ყვარელში 5, სიღნაღში 5, ლაგოდეხში 5, გურჯაანში 9, თელავში 10 და საგარეჯოში 4 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში.
ექიმების თქმით, ვირუსის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტიანი მეთოდი ჰიგიენის დაცვაა: ხელების ხშირად დაბანა, ხველებისას ან დაცემინებისას პირზე ხელის აფარება.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსი საქართველოში უკვე 15 ადამიანს დაუდასტურდა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე