სოფელ ზინობიანში საპროტესტო აქცია გაიმართა
დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა 50 ჰექტარი გასხვისებული საძოვრის უკან დაბრუნება მოითხოვეს.
ადგილობრივები იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც ახალმა მფლობელმა მიწის დამუშავება დაიწყო. მათი ინფორმაციით, საძოვარი იჯარით იყო გაცემული და მისი გასხვისების შესახებ ინფორმაცია ახლა გაიგეს.
,,ეს ტერიტორია იჯარით იყო გაცემული. ერთი ნაწილი ჩვეგან ფარულად გაასხვისეს. ამ მიწის დაკარგვის შემთხვევაში შემოსავლის გარეშე დავრჩებით, რადგან ის ერთადერთი საძოვარი იყო”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილობრივებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. როსტომ სესიაშვილის განმარტებით, მიწა ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა. მისი თქმით, მერია მზად არის მოსახლეობას შესაბამისი დოკუმენტაცია გააცნოს.
სოფელ ზინობიანის მოსახლეობას მიწის გასხვისების საკითხზე, სასამართლო დავაც აქვს წამოწყებული. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადგილობრივები პერმანენტული აქციებით და ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან.