დედოფლისწყაროში, მდინარე იორში ორი ახალგაზრდა დაიხრჩო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში,დალის მთის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე იორში ორი ახალგაზრდა დაიხრჩო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებიდ გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის მიხედვით, დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარედ ორი მოქალაქე გაუჩინარდა.
თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდები მდინარე იორზე სათევზაოდ იყვნენ წასულები, რა დროსაც მდინარეში ჩავარდნენ. ადგილზე მყოფმა სხვა მეთევზეებმა, მდინარეში გადავარდნილი მოქალაქეების ადგილსამყოფელს ვეღარ მიაგნეს და დასახმარებლად სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
,, ინფორმაციის მიღებისთანავე, შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, ასევე, გავიდნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების და მყვინთავთა ჯგუფები.
საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე იორში ნაპოვნია ორი მამაკაცის ცხედარი”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ორივე გარდაცვლილი დედოფლისწყაროს მკვიდრია. ერთ-ერთი სოფელ სამრეკლოს მკვიდრი 18 წლის თემურ უძილაურია, რომელსაც 5 მარტს 19 წელი შეუსრულდებოდა. მეორე კი ქალაქ დედოფლისწყაროს მკვიდრი 29 წლის დავით გიგოლაშვილია, რომელიც ვაშლოვანის ნაკრძალში რეინჯერად მუშაობდა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს.