თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეწყდა
კორონავირუსთან დაკავშირებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეწყდა.
როგორც knews.ge-ს თესაუში განუცხადეს, სასწავლო პროცესი 9 მარტს განახლდება. უმაღლეს სასწავლებელში განმარტავენ, რომ იგეგმება სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი უმაღლეს სასწავლებლებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, კონფერენციები და სხდომები ვირტუალურ რეჟიმში ჩაატარონ.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ეტაპზე არ არის რეკომენდირებული დიდი კონფერენციების, კონგრესების ორგანიზება, სადაც ერთმა ინფიცირებულმა ადამიანმა შესაძლოა, ინფექცია ინტენსიურად გაავრცელოს.
პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები დღეიდან დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.