გურჯაანში მევენახეობის კონფერენცია გაიმართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მევენახეობის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 300-მდე მევენახე მონაწილეობდა.
კონფერენცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებით გაიმართა და მისი მიზანი მევენახეობაში არსებული პრობლემების განხილვა და გადაჭრის გზების მოძიებაა.
ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ სამინისტროს მიერ დაგეგმილი ის ინიციატივები გააცნო, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოების საწინდარი უნდა გახდეს.
“საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, აქვს ამბიცია აწარმოებდეს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. ამის საწინდარია ქართული ვაზი და ჯიშების ის მრავალფეროვნება, რომლებიც მეღვინეობის 8-ათასწლიანი უწყვეტი ტრადიციის მანძილზე შეიქმნა. ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც განაპირობებენ დარგის განვითარებას”- განაცხადა ხატია წილოსანმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა სარგავი მასალის სერტიფიცირების ახალ სისტემაზე, რაც საფუძველი უნდა გახდეს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის.
ხატია წილოსანი მევენახეებს იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც დარგის გაჯანსაღებასა და განვითარებას ემსახურება. კერძოდ, ესენია აგროდაზღვევის სისტემა, ვენახების კადასტრის პროგრამა, ღვინის ხარისხის ლაბორატორიული კვლევა და სხვა.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ მიმართა, რომლის თქმითაც, სწორედ ვენახია ერთი-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის. მეხუზლას განცხადებით, ამის მისაღწევად, აუცილებელია დარგში თანამედროვე განათლებისა და ტექნოლოგიების დანერგვა.
კონფერენცია ორ პანელად გაიმართა და მასზე მომხსენებლებმა ჯიშების მრავალფეროვნებაზე, კადასტრის პროგრამაზე, ბიომევენახეობაზე, ღვინის მარკეტინგზე, აგროდაზღვევაზე, მცირე ბიზნესის ხელშემწყობ პროექტებზე ისაუბრეს. კონფერენციაზე ასევე გაიმართა ქვევრის გახსნის ცერემონია, მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენა და ღვინის დეგუსტაცია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის თქმით, მევენახეების ინფორმირება საჭირო მიმართულებით მნიშვნელოვანია.
,,ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გაიზარდოს ინფორმირებულობა ისეთ საკითხებზე, რაც შემდგომში განაპირობებს თითოეული მევენახისა და მეღვინის წარმატებას. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მსგავსი პროექტების ინიცირებისა და განხორციელების მხარდამჭერები”,– განაცხადა სონღულაშვილმა.
დავით სონღულაშვილის თქმითვე, მომავალ წელს კახეთის რეგიონში “კახეთის ექსპო” ჩატარდება, რაც კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიება იქნება და მეტი შესაძლებლობების მომცემი ფერმერებისთვის.