ახალი ამბები

სოფელ იყალთოს ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს ტყეში ხანძარია. ცეცხლი გუშინ გავრცელდა და 20- მდე მეხანძრე – მაშველი ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილებში გამხმარ ხეებსა და ქვედა საფარს უკიდია, რის გამოც შესაბამისი ტექნიკის ბოლომდე მიყვანა ვერ ხერხდება.

ხანძრის ქრობის პროცესს ქარი აფერხებს და მეხანძრეების დასახმარებლად სოფლიდან რამდენიმე მოხალისე უკვე წავიდა.

„გუშინ ცეცხლი ზემო ხოდაშენის ტყის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა, რის შემდეგაც იყალთოს ტყეზეც გადმოვიდა. დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება, თუმცა ძლიერმა ქარმა სამუშაოები შეაფერხა და ცეცხლი გააძლიერა”,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ამასთან, ერთდროულად ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის ტყეში.