გურჯაანში ახალი ტურისტული კომპლექსი “ვაზისუბნის მამული” გაიხსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, სულხან ჭავჭავაძის მიერ შექმნილ ისტორიულ სასახლეში მაღალი კლასის სასტუმრო “ვაზისუბნის მამული” გაიხსნა.
სასტუმროში განმარტავენ, რომ ეს 140 წლის შემდეგ ხელახლა გაცოცხლებული ისტორიაა, რომელსაც თავადი ჭავჭავაძეების სასახლე, მარანი და უნიკალური ენდემური ჯიშებიდან მიღებული საუკეთესო ღვინო ათეული წლების განმავლობაში ინახავს.
„ადგილზე სულხან ჭავჭავაძის ისტორიული სასახლეა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ჩვენ მისი რესტავრაცია შევძელით და მას პირვანდელი სახე აღვუდგინეთ. კომპლექსში 19 ნომრიანი მაღალი კლასის ბუტიკ სასტუმრო განთავსდა, რომელიც ჯამში 3 სართულიანია და 35 სტუმარს უმასპინძლებს.
კომპლექსში რესტორანი და სასტუმროც ფუნქციონირებს. სასტუმროს ტერიტორიაზე ქარხანა აშენდა, რომელსაც 500 ტონაზე გათვლილი ყურძნის გადამუშავება შეუძლია. მასში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. ქარხნის მშენებლობის თანხის გარდა, სასტუმროს მოწყობაში დამატებით 15 მილიონი ლარი დაიხარჯა”, – აცხადებენ კომპანიაში.
სასტუმრო კომპლექსში ორი ბრენდია გაერთიანებული: “ვაზისუბნის მამული”, სადაც ქვევრის ღვინოს აყენებენ და ევროპული ღვინის მწარმოებელი “ქართული მზე”.