ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ირანში ნამყოფი მოქალაქეები არ შემოუშვეს
ირანში ნამყოფ საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს, დედა-შვილს, ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს. საზღვარზე გადმოსვლა მხოლოდ ოჯახის წევრმა მამაკაცმა შეძლო.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილებაში განმარტავენ, რომ დედა და შვილი ირანში ინყოფებოდნენ და კორონავირუსის საინკუპაციო პერიოდი გასული არ იყო.
მესაზღვრეებმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა მათ კარანტინში გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა დედამ უარი განაცხადა და შვილთან ერთად უკან, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიბრუნდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილებაში ამბობენ, რომ მოქალაქეებს რესპირატორული ინფექციის არანაირი სიმპტომი, მათ შორის, არც მომატებული ტემპერატურა აღენიშნებოდათ, მაგრამ ვინაიდან დედა-შვილის ირანში ყოფნიდან საინკუბაციო პერიოდი გასული არ იყო, მათი საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში კარანტინში მოთავსება იქნებოდა აუცილებელი.
,,მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნებოდათ, მაგრამ საინკუპაციო პერიოდი გასული არ იყო. იმის გამო, რომ ისინი ირანში იყვნენ ნამყოფები, მათ შევთავაზეთ ინფექციურ საავადმყოფოში გადასვლა, თუმცა დედამ უარი განაცხადა და აზერბაიჯანში დარჩენა ამჯობინა. მისმა მეუღლემ კი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა შეძლო, ვინაიდან ის ირანში ნამყოფი არ იყო”,- აცხადებენ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ლაგოდეხის განყოფილებაში.
ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოსული მგზავრების შემოწმება მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ჩინეთში ახალი კორონავისრუსი დაფიქსირდა და საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე მოქალაქეთა შესვლა-გასვლა კონტროლდება.