ახალი ამბები

შინაური ცხოველების ფეკალური მასებით, ტერიტორიის დაბინძურებაზე ჯარიმები ორმაგდება

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად შინაური ცხოველების ფეკალური მასებით, ტერიტორიის დაბინძურებაზე ჯარიმები ორმაგდება.

კანონპროექტის მიხედვით, კანონდამრღვევი პირები არსებული ჯარიმის ორმაგ თანხას 100 ლარის ოდენიბით გადაიხდიან. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე არიან.

კანონის ცვლილებები ეხება ასევე სახიფათო ნარჩენებსაც. კერძოდ, პროექტით, ფიზიკური პირები სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან ზედაპირულ წყლებში ჩაშვებისთვის 400 ლარის ნაცვლად დაჯარიმდებიან 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირებისათვის 1000 ლარის ნაცვლად განსაზღვრულია 10000 ლარის გადახდა

“პროექტით განისაზღვრება, რომ სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, რომელიც ნარჩენების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსებას გულისხმობს, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ნაცვლად – 5000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ნაცვლად – 10000 ლარის ოდენობით”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი ავტორებმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე წარადგინეს.

 

ავტორი” მარიამ ოქროცვარიძე