ახალი ამბები

თელავში საბჭოთა რეპრესიების შესახებ შეხვედრა და ისტორიული ტური გაიმართება

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის ოფისის ორგანიზებით, საბჭოთა რეპრესიების შესახებ შეხვედრა ,,თელავი და საბჭოთა ოკუპაცია“ და ისტორიული ტური გაიმართება.

,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის ოფისის კოორდინატორის, ლიკა იმერლიშვილის თქმით, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა. 2010 წელს კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ“ და ოკუპაციის დღე პირველად აღინიშნა 2011 წლის 25 თებერვალს.

მისივე თქმით, ამ დღეს საქართველოში ეშვება ყველა სახელმწიფო დროშა და ცხადდება წუთიერი დუმილი გარდაცვლილთა პატივსაცემად.

,,შეხვედრაზე მოსულ აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ნახოს შსს-ს არქივის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „გიგოს გორა – თელავის გოლგოთა“, გაეცნოს საარქივო მასალებს კახეთში წითელი არმიის შემოჭრის შესახებ, ასევე მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო საფეხმავალო ტურში – ,,საბჭოთა რეპრესიები თელავში 1920-1930-იან წლებში’’, რომელსაც გაუძღვება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი.
ტურის ფარგლებში ასევე დაინტერესებულ პირებს რეპრესირებული ადამიანების ბიოგრაფიების გაცნობის, მათი საცხოვრებელი სახლების, პატიმრობის და დახვრეტის ადგილების მონახულების და თელავში საბჭოთა პერიოდის რეპრესიების შესახებ ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა ექლენათ ”,- განაცხადა ლიკა იმერლიშვილმა.

ღონისძიება 25 თებერვალს 13:00 საათზე დაიწყება.