ახალი ამბები

კახეთში ,,საქმიანი ეზოები” მოეწყობა

საგარეჯოს, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ,,საქმიანი ეზო” მოეწყობა. პროექტის მიზანია ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, დავით ალადაშვილის თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ე.წ „საქმიანი ეზო“ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.

,,ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ხე-ტყეს ორგანიზებულად დაამზადებს, დაახარისხებს და დაასაწყობებს „საქმიან ეზოებში“.

აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას, მათთვის სასურველ პერიოდში.

მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილების გარდა, რაც ამ ეტაპზე სოციალური ჭრის ფარგლებში ტყეკაფების გამოყოფას გულისხმობს, სააგენტო აგრძელებს საკუთარი ძალით, კერძო სექტორის ჩართულობით, ორგანიზებული ხე-ტყის დამზადების სამუშაოებს ყველა რეგიონში.

სამუშაოები ამჟამად 14 ობიექტზე – სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და იმერეთში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, ტყითსარგებლობა მერქნული რესურსის დამზადების მიზნით განხორციელდება გაცილებით ეფექტურად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი ზემოქმედება და უკანონო ჭრის რისკი”, – განაცხადა დავით ალადაშვილმა.