წითელაზე აცრის პოპულარიზაციისათვის მობილური ჯგუფები შეიქმნება
კახეთში წითელაზე აცრის მსურველთა რაოდენობა ძალიან დაბალია. ამის გამო, „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლები, მოსახლეობის დასარწმუნებლად, მობილურ ჯგუფებს გააკეთებენ.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სამიზნე ჯგუფების ასაკის მოსახლეობა, აცრებს არ იტარებს.
„ამ აცრების სამიზნე, ძირითადად, საშუალო ასაკის ადამიანები არიან, რომლებსაც წითელას იმუნიტეტი არ აქვთ. აცრა ყველასთვის უფასოა, თუმცა მოსახლეობა ძალიან პასიურობს. ამიტომ ჯგუფები ადგილებზე მივლენ, ახსნა- განმარტებას ჩაუტარებენ და მსურველს აცრიან კიდეც“,– განაცხადა ხიზანიშვილმა.
2020 წლისათვის, კახეთში სულ, 8100 ადამიანის აცრაა დაგეგმილი.
წითელაზე საყოველთაო აცრა 2019 წლიდან, ყველა მსურველისათვის უფასოა.
წითელა ინფექციური დაავადებაა, რომელიც აირწვეთოვანი გზით გადაეცემა და გადამდებლობის ძალიან მაღალი კოეფიციენტით ხასიათდება.