ახალი ამბები

საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს შესაძლოა გადამოწმების პერიოდში დახმარება არ შეუჩერდეთ

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ ფულადი დაარების გაცემა.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძეს თქმით, კონსულტაციები გავლილია ჯანდაცვის სამინისტროსთან და გადაწყვეტილება ძალაში შევა მიმდინარე წლის აპრილიდან.

„როგორც იცით ქვეყანაში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოქმედებს დახმარების პროგრამა, რომელითაც სარგებლობს – 430.000 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ პერიოდულად საჭიროებს გარკვეულ, დასაბუთებულ ცვლილებებს.

დღეის მდგომარეობით გადამოწმების დროს, რაც ასევე აუცილებელი პროცედურაა, სტატუსის მატარებელ ოჯახებს დროებით უჩერდებათ დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს განაცდური უნაზღაურდებათ სრულად, მაინც მძიმეა მათთვის ეს პერიოდი, რადგან ისინი ბედის ანაბარა რჩებიან სიღარიბის პირისპირ.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის გაცემა. შემდეგ კი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პროგრამაში მონაწილეობა.

ამისათვის საჭიროა დამატებით 5.4 მლნ. ლარი. ამ გადაწყვეტილებით, ოჯახებს გადამოწმების პერიოდშიც, ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭებამდე უწყვეტად მიეცემათ საარსებო შემწეობა.

ეს იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და მისი განხორციელებით რისკის ქვეშ არ დადგება საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციები გავლილია შესაბამის უწყებასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. გადაწყვეტილება მიღებულია, ცვლილება ძალაში შევა მიმდინარე წლის აპრილის თვიდან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.