თელავში ყანწის, ცხვრების და გულის ფორმის სულგუნს და ყველს ამზადებენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში 10 წელზე მეტია, რაც გოჩა ღაღაშვილი ყველს აწარმოებს.
ღაღაშვილმა რძის გადამამუშავებელი საწარმო რამდენიმე წლის წინ გახსნა, სადაც 18 ადგილობრივია დასაქმებული.
იგი განმარტავს, რომ სულგუნს და ყველს სხვადასხვა ფორმებს აძლევენ და სადღესასწაულო დღეებში ისე ყიდიან, ეს კი მომხმარებლის დიდ დაინტერესებას იწვევს.
“ყველისა და სულგუნისგან, ისევე როგორც პლასტელინისგან, შეიძლება სასურველი ფორმები შექმნა. მაგალითად, ვამზადებთ ყანწებს, სააღდგომოდ – ცხვრებს, ვალენტინობისთვის გულის ფორმები გვქონდა დამზადებული. წელს რადგან ვირთხის წელია, საახალწლოდ თაგვის ფორმის ყველი შევქმენით და სხვა.
ამ სხვადასხვა ფორმის ყველს სერიული წარმოებისთვის არ ვიყენებთ. განსხვავებული ფორმის ყველის შეძენა მხოლოდ დღესასწაულებზე და პირადი შეკვეთებით არის შესაძლებელი. ყველის ფასსაც, ჩვეულებრივ, მასის მიხედვით ვითვლით, უბრალოდ ოდნავ უფრო ძვირი ღირს 1 კგ, რადგან ბევრად მეტი შრომაა ჩადებული”, – აცხადებს ღაღაშვილი.
“ცივის ყველის” საწარმო თელავში მდებარეობს. კომპანიის პროდუქცია საქართველოს და რამდენიმე სხვა ქვეყნის ბაზარზე იყიდება.
კილოგრამი ყველის გასაყიდი ფასი საწარმოდან, სახეობების მიხედვით, 18-დან 25 ლარამდეა.