ახალი ამბები

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო” თელავში რეგიონული ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო” თელავში რეგიონული ოფისი გახსნა და ადგილობრივი გუნდი წარადგინა. 

ორგანიზაციის ოფისს თელავში ცნობილი ექიმი ვასილ კობიაშვილი უხელმძღვანელებს. ის მხარდამჭერებს ,,ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარუდგინა.

ხაზარაძის განმარტებით, მათი ძირითადი ხედვაა მძლავრი რეგიონების შექმნა და განვითარება, კახეთში ღვინის ტურიზმის განვითარება, ბიო წარმოების ხელშეწყობა, ღვინის მუზეუმის და მეღვინეების გადასამზადებელი ცენტრების გახსნა.

,, გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა იმის, თუ როგორ უნდა განვითარდეს კონკრეტულად თელავი და კახეთი. კახეთი უნდა შევიდეს იმ მსოფლიო ღვინის დედაქალაქების რიცხვში, სადაც მხოლოდ 10 ქვეყანაა შესული. ეს მოითხოვს მნიშვნელოვანი ნაბიჯების ნაბიჯების გადადგმას.

კახური ღვინო უნდა შევიდეს პრემიალურ სეგმენტში და მისი გასაყიდი ფასი და მოსავლიანობა უნდა გაიზარდოს. ასევე ტურისტული კუთხით საწოლების რაოდენობა უნდა გაორმაგდეს და განვითარდეს შატოები თუ კერძო მამულები.

რაც მთავარია, თელავის აეროპორტი უნდა გახდეს საერთაშორისო, რისი საშუალებითაც შეგვეძლება ღვინის მოყვარული მაღალ შემოსავლიანი ტურისტების შემოყვანა თელავში, რომ მთელი წლის განმავლოვაში შეეძლოთ კახეთის ღირშესანიშნავი ადგილების დათვალიერება.

ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი გეგმები გვაქვს და ამ საკითხზე თელავში კვლავ გავმართავთ შეხვედრას. წარმოვადგენთ პრეზენტაციას თუ დოგორ უნდა განვითარდეს თელავი და კახეთი”,-განუცხადა knews. Ge-ს მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ,,ლელო” რაიონული ოფისების გახსნას კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს.